ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა

708

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელებმა განხორციელებულ და შეფერხებულ პროექტებზე ისაუბრეს.  ამასთან, სოფლებში გზის საფარის, სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების, სკოლებსა და საბავშვო ბაღების პრობლემა გამოიკვეთა.

ასევე, საუბარი შეეხო კოოპერატივების ბალანსზე არსებულ ძველ, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნაგებობებსაც, სადაც ამბულატორია, საჯარო ბიბლიოთეკა და ზოგან, საბავშვო ბაღებია განთავსებული.

სოფლის წარმომადგენლებმა ინერტული მასალის ადგილობრივად მოპოვების შესაძლებლობასაც გაუსვეს ხაზი, რაც მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს შეუძლიათ და მისი შეძენა მუნიციპალიტეტს გაძვირებული სახით უწევთ.

შეხვედრაზე აღინიშნა ჩაშლილი ტენდერების თემაც, რის გამოც პროექტების განხორციელება წლობით ვერ ხერხდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, თითოეული პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრება.

“მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღია საუბრებისათვის. ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე სოფელი, თუმცა, ვხედავ, რომ უამრავი პრობლემაა და მინდა, ვითანამშრომლოთ თითოეული მათგანის გადაჭრის მიზნით. ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა პრიორიტეტულ საკითხებად დავყოფთ და ეტაპობრივად შევძლებთ დაბრკოლებების დაძლევას“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.