ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ENPARD პროექტის “სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, რეგიონალურ დასაქმების ფორუმს აწყობს.
დასაქმების ფორუმი პარასკევს, 28 სექტემბერს, 12-დან 14 საათამდე კოდის დევნილთა
ჩასახლების სათემო ცენტრში ჩატარდება.
მერიის ცნობით, დასაქმების ფორუმის მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლებთან კომუნიკაციასა და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გაცვლაში დაეხმაროს. მათივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილნი იქნებიან ქვემო ქართლის რეგიონის მსხვილი დამსაქმებლები.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ქვემო ქართლში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს.
ფორუმი ტარდება RDFG_ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
“პროგრამა უმუშევარ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და შრომით ინკლუზიაში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება”, – აცხადებენ მერიაში.