დღეს ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

491

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 მაისს, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ინფორმაციის თავმოყრა, ასევე, სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია.

„დასაქმების ფორუმში, აჭარაში მოქმედი, 70-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მონაწილეობს. ისინი სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, სამრეწველო, საბანკო და სხვადასხვა სფეროებიდან 244 ვაკანსიას, 1 370-ზე მეტი სამუშაო ადგილით წარმოადგენენ.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობას მისცემს, აჭარის რეგიონის წამყვანი კომპანიების ვაკანსიებს გაეცნონ და პოტენციურ დამსაქმებლებს გაესაუბრონ, რაც მათი დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია – https://forum.hrajara.gov.ge/reg_forum/,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.