ქალაქ ზესტაფონის ცენტრალური მოედანი, რომელიც უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარეობს, შემოიღობა და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, უკვე მიმდინარეობს მოედნის სრული რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, მთელ პერიმეტრზე დაიგება ქვაფენილი, გაკეთდება შადრევანი, მოეწყობა მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათება, სკულპტურები და სკამები.
როოგრც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოსაცდელის მოწყობაც.
პროექტი ძირითადად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ნაწილობრივ კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე მთლიანად 635 951 ლარია გამოყოფილი.
„სულ მალე ზესტაფონს სრულიად განახლებული, ცოცხალი და მრავალმხრივ დატვირთული ცენტრალური მოედანი ექნება“, – განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.
სამუშაოები, რომელსაც შპს “ნიკარემსტროი“ ასრულებს, 2019 წლის თებერვალში დასრულდება.