მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.მერიის ცნობით, ბაღი, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და 2 სართულისგან შედგება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს კი სათამაშო ოთახი, საძინებელი, საპირფარეშო, სამრეცხაო, ასევე, კეთილმოეწყო ეზო ატრაქციონებით და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო აქვს.
საბავშვო ბაღი 6 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. ბაღში 180-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას და 44 ადამიანი დასაქმდება.
“წმინდა გიორგის უბანში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სრული ამორტიზების გამო, მუხრანის მოსახლეობას ბავშვების ტარება ქსნის საბავშვო ბაღში უწევდა. ბაღის, მწყობრიდან გამოსული, ძველი შენობა მთლიანად დაინგრა და მუხრანელი პატარებისთვის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა აშენდა”, – აცხადებენ მერიაში.
ახალ საბავშვო ბაღში აღსაზრდელები დარეგისტრირებულები არიან, როგორც სოფელ მუხრანიდან, ასევე, მეზობელი სოფლებიდან.
პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, განხორციელდა და მისი ღირებულება 1 600 000 ლარზე მეტია.