შუქნიშნები, რომლის დამონტაჟებასაც ვალეში 3 თვის წინ ითხოვდნენ, ამ დრომდე არ გაუკეთებიათ

770

ახალციხის ქალაქ ვალეში, რამდენიმე თვის წინ სტალინის ქუჩაზე ოთხი წლის გოგონა ავარიამ იმსხვერპლა. ახალგაზრდებმა კი ავტოსაგზაო ნიშნების დაყენების მოთხოვნით აქცია გამართეს, მას შემდეგ 3 თვე გავიდა, თუმცა დასახლებაში არც საგზაო ნიშნები დაუდგამთ და არც შუქნიშნები. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება შუქნიშანიც და ვიდეოკამერაც. რაც შეეხება ავტოსაგზაო ნიშნების დაყენების საკითხს ეგ ჯერ შესასწავლი გვაქვს და მიმდინარეობს მაგაზე მუშაობაც“, – განაცხადეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ვალეში ახალგაზრდები სტალინის ქუჩაზე “მწოლიარე პოლიციელისა“ და ავტოსაგზაო ნიშნების დაყენებას მიმდინარე წლის ივნისში ითხოვდნენ. მათი თქმით, იმ ადგილზე, სადაც სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები უნდა მოეწყოს, ავარიები ხშირად ხდება, ამიტომ ამ საკითხზე დროული რეაგირება არაერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

ახალგაზრდების აქციას ვალეში ავარია უსწრებდა. 7 ივნისს სტალინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა.