“გუბერნატორი, ერთი მხრივ, დამაკავშირებელი უნდა იყოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას შორის, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონის მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს დანიშნულ ახალ გუბერანტორებს აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში მუშაობის სერიოზული გამოცდილება.
“იცით, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური და სწრაფი რეფორმების გეგმა. ამ რეფორმების მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ მისი შედეგი უნდა აისახოს თითოეულ მოქალაქეზე. ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, თუკი თითოეულმა რეგიონმა მხარი არ აუბა ამ რეფორებს, ამ განვითარებას. სწორედ ამას შეეხება დღევანდელი ცვლილება. 7 ახალი გუბერნატორი დაინიშნა და თითოეულ მათგანს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში მუშაობის ძალიან სერიოზული გამოცდილება. თითოეული მათგანი ძალიან კარგად იცნობს იმ რეგიონს, სადაც არიან მივლინებული და შეუძლიათ გუნდური მუშაობა, რაც იქნება უმთავრესი.
საქართველოში გვაქვს პრაქტიკულად ორდონიანი მმართველობა: არის ცენტრალური ხელისუფლება, არის თვითმმართველობა და არის კიდევ ერთი დონე – ეს არის გუბერნატორი, რომელიც ერთი მხრივ, დამაკავშირებელი უნდა იყოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას შორის, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონების მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ თვითმმართველობების დონეზე კი არ მუშავდებოდეს გარკვეული გეგმები, არამედ მთელი რეგიონების დონეზე. ამ რეგიონებს შორის ურთიერთკავშირი უნდა იყოს ძალიან მჭიდრო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ გუნდთან ერთად შევძლებთ ამ კავშირის დამყარებას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ახალმა გუბერნატორებმა დღეს პრემიერ-მინისტრისგან პირველი დავალება მიიღეს, რაც რეგიონებში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის სამუშაო ადგილებს უკავშირდება.
“გუბერნატორების მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ მთავრობის გეგმები მიიტანონ თითოეულ რეგიონამდე, თითოეულ მოქალაქემდე და ყველა გახადოს რეფორმების მონაწილე. ბუნებრივია, გუბერნატორი თვითონ ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, მაგრამ მას შეუძლია შექმნას ამინდი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების გაჩენას. ეს გულისხმობს ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და თვითმმართველობებს შორის კარგი კოორდინაციის არსებობას. დღეს პრემიერ-მინისტრმა დახურულ შეხვედრაზე ახალ გუბერნატორებს დავალებები მისცა, იმ გამოწვევების შესახებ, რაც ქვეყნის თითოეულ მხარეში დგას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც ცნობილია, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს შვიდი ახალი სახელმწიფო რწმუნებული დანიშნა.