შვიდი ახალი სახელმწიფო რწმუნებული თვითმმართველობებთან ურთიერთობის ნულოვანი გამოცდილებით

686

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ შვიდი ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა განაცხადა, მთავრობის მთავარი მიზანი რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარებაა, ამიტომაც რწმუნებულებს დიდი ფუნქცია დაეკისრებათ. “ის გეგმები, რომელიც ჩვენ დავისახეთ, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად და სრულყოფილად. რწმუნებულებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს”, – განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, შეიქმნება კომუნიკაციის ახალი მექანიზმი, რომელშიც მთავარი როლი სწორედ გუბერნატორებს დაეკისრებათ.

მთავრობის მიერ დასახული მისიის შესასრულებლად პრემიერმა რეგიონებში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები მიავლინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ადამიანებიდან რეგიონებთან ურთიერთობის გამოცდილება მხოლოდ ერთ ახალ რწმუნებულს აქვს.

როგორც დღევანდელი პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად შალვა კერესელიძე დაინიშნა. მანამდე ის  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კერესელიძე, პრაქტიკულად, ერთადერთი ახალი გუბერნატორია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს:

ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი დაინიშნა. რეხვიაშვილი მანამდე  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე, 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ; 2004-2012 წლებში მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2004-2008 წლებში იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი.

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი გახდა. ის წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ამირანაშვილი ბოლოს შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გახდა. ის ამ თანამდებობაზე “მაგთიკომიდან” გადავიდა. როგორც პრემიერმა თქვა, ის, ასევე, იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა. ის “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე იყო. პრემიერის თქმით, მას კერძო სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია გახდა. პრემიერის თქმით, მას აქვს საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის მრავალფეროვანი გამოცდილება, თუმცა, კონკრეტულად რა გამოცდილება აქვს, ბახტაძეს არ უთქვამს.

რაც შეეხება იმერეთს, აქ სახელმწიფო რწმუნებულად შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა. ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალია. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.

ბახტაძის პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ შეიცვლება სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებიც. მისი თქმით, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნება. ვიბლიანი აქამდე სოფელ ჭუბერში მერის წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.