ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დეპუტატებმა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას პირველივე მოსმენით მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას იმედინიუსი Sputnik Abkhazia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ასევე ბრალდებულის საკუთრებაში არსებული ქონების კონფისკაცია მოხდება.
ცვლილების ინიციატორია ე.წ. დეპუტატი დიმიტრი დბარი, რომელიც ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა აქამდე ოკუპირებულ აფხაზეთში 15-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, რომელიც ახლა, შესაძლოა, ახალი სისხლის სამართლის კანონმდებლობით შეიცვალოს.