ამ წუთებში ქალაქ თელავის საკრებულოში ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებისა და მისი თელავის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან, ასევე, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და თელავის გუბერნატორის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი.
სხდომას,ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებიან.
სხდომაზე თელავში მცხოვრებმა ნიკა შარვაშიძემ საკრებულოს წევრებს მათ მიერ მომზადებული სპეციალური განცხადება გააცნო. არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები სთხოვენ საკრებულოს, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გადაწყვეტილება თელაველების ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ.
თელავისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმების მომხრე ამ დრომდე არც ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილა. 28 აპრილს ქალაქ თელავის საკრებულომ ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით მთავრობას წერილობით მიმართა. ინიციატივა თელავის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვარდოშვილმა საკრებულოს სხდომაზე დააყენა. ინიციატივას მხარი საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა.
ქალაქისთვის სტატუსის შენარჩუნების მომხრე იყო ქალაქის მერიც. მისი თქმით, რეფორმამ ამ ნაწილში გაამართლა, ვინაიდან ქალაქს საკუთარი შემოსავლები გაუჩნდა, რამაც არაერთი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მისცა.
ქალაქისთვის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნა თელავში საკონსტიტუციო განხილვის დროსაც დადგა. “ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქის – თელავის სტატუსს – ამ სისტემამ მართლა გაამართლა”, – ასე მიმართა თელავში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილმა. მოქალაქე ნოდარ რეჟიშვილმა კი ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თვითმმართველმა ქალაქებმა გაამართლა, მაგრამ არ გაამართლა ადგილობრივმა კადრებმა.
უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად ქალაქის საკრებულო. გავრცელებული ინფორმაციით, გასაუქმებელი ქალაქების საკრებულოს წევრები რამდენიმე დღის წინ ცენტრალურ ხელისუფლებაში დაიბარეს და გადაწყვეტილების მხარდაჭერა მოსთხოვეს.
დღესვე, 15:00 საათზე თელავის თემის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელიც თემის მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და მისი ქალაქ თელავთან შეერთების საკითხს განიხილავს.