თუ ფიქრობთ, რომ თვითმმართველობების გაზრდამ არ გაამართლა, იფიქრეთ იმაზე, რომ კადრებმა არ გაგიმართლათ იმ თვითმმართველობებში და არა თვითონ სისტემამ, – ამის შესახებ თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, მოქალაქე ნოდარ რეჟიშვილმა განაცხადა.
მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და თვითმმართველობების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
“სანამ პარლამენტამდე მივა ეს საკითხი, მინდა გთხოვოთ გაითვალისწინოთ, დეცენტრალიზაცია დემოკრატიულ პირობებში არის მნიშვნელოვანი. მოგვეცით უფლება, რომ თელავი იყოს თვითმმართველი ქალაქი. მესმის, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება და თვითმმართველ ქალაქებს მიეცით ეს სტატუსი, თუმცა საბოლოო ჯამში, ამან გაამართლა. თუ ფიქრობთ რომ არ გაამართლა, იფიქრეთ იმაზე, რომ კადრებმა არ გაგიმართლათ იმ თვითმმართველობებში და არა თვითონ სისტემამ”, – აღნიშნა რეჟაშვილმა.
წყარო: ინეტრპრესნიუსი