ქუთაისის მერი: ერთი ტურისტის კომფორტისთვის თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ვერ გავაჩერებთ

768

“ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან არ დავიხევთ”, – ასე ეხმიანება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ტურისტულ სეზონზე “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს.  ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იმის გამო, რომ რამდენიმე ტურისტი ხიდზე ვერ გადავიდა, სამუშაოები ვერ შეჩერდება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქი. ერთი ტურისტის კომფორტისთვის, რომელიც შეიძლება, ერთხელ ჩამოვიდეს ქუთაისში, მაშინ როდესაც ათასობით ტურისტს ველით, ვერ გავჩერდებით. ვისაც სტკივა ქუთაისი, თვლის, რომ უნდა დავასრულოთ ეს ხიდი. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი არის პრიორიტეტი და ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან არ დავიხევთ”, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მისი თქმით, ვერ გაიზიარებენ შენიშვნას სამუშაოების ვადების გამო. ხიდი გაზაფხულზე ვერ გაკეთდებოდა,, რადგან ამ დროისს სატენდერო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ქუთაისში “თეთრი ხიდის” რეაბილიტაცია 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ხიდის რეაბილიტაციასთან ერთად მასზე განთავსდება მინის საფარი და სიმბოლური ქვები.