მუცოში საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობის მსურველებს სახელმწიფო დაეხმარება

1005

წინა სტატია

ციხე-ქალაქ მუცოში საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობის მსურველებს სახელმწიფო დაეხმარება, ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა,  მისი ინფორმაციით, წელს მუცოში სამუშაოების 99% დასრულდება. როგორც ანთიძე აღნიშნავს, ამჟამად სამუშაო ჯგუფი უკვე მუცოშია და სულ მალე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, გარდა კერძო ინიციატივებისა, სამუშაო ჯგუფისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის ნაწილი საოჯახო ტიპის სასტუმროდ გადაკეთდება და მის მართვაში კერძო დაინტერესებული ორგანიზაციები შევლენ.

„იმ ინფრასტრუქტურის ნაწილი, რაც იქ სამუშაო ჯგუფის რესტავრატორებისთვის გვაქვს გაკეთებული, შეიძლება გადაკეთდეს საოჯახო ტიპის სასატუმროებად, რომლის ადმინისტირებაშიც ვფიქრობთ, რომ შემდგომში კერძო ორგანიზაციებს შევიყვანთ, რათა დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქნას“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

მისი თქმით, იმ კერძო პირებს, ვინც სასტუმროს მოწყობის ინიციატივით გამოვლენ, სააგენტოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ.

რაც შეეხება მუცოს რეაბილიტაციის საინვესტიციო ნაწილს, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, მუცოს რეაბილიტაციაზე 3.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 1.7 მილიონი სახელმწიფო დაფინანსებაა, დანარჩენი კი ფონდმა „ქართუმ“ გაიღო.

მუცო მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.