ზუგდიდში ნიკო დადიანის სასახლის სადრენაჟე სისტემების მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 45 824 ლარი გამოიყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შენობის ძირითადი ნაწილი და მისი მზიდი კედლებიც საკმაოდ კარგ და “კონსტრუქციულად მდგრად მდგომარეობაშია”, ჩატარებული აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოების შედეგად კი მთელი რიგი დაზიანებები აღმოიფხვრა. თუმცა, ამ სამუშაოების მიუხედავად, სარდაფის სართულში არსებული ჭარბი ტენი საგანგაშოა.
“ტენდერის მიზანია სასახლის სადრენაჟე სისტემების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცის მომზადება. პროექტმა უნდა მოიცვას სასახლის სარდაფის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება. შენობას სერიოზულ პრობლემას უქმნის როგორც სახურავიდან ჩამოდენილი, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი, რომელიც პირდაპირ ჩაედინება სარდაფში და აზიანებს საძირკველს. შენობის უკანა ნაწილის სარდაფში არსებობს წყლისგან შემოტანილი ტალახის სქელი, 25-30 სმ ფენა. ინტერიერის ინტენსიური დატენიანება შენობას სერიოზულ პრობლემას უქმნის.
ყურადსაღებია ცოკოლის კედლების მდგომარეობა, აგურის წყობა იშლება ხელის შეხებით. გასულ წლებში ჩატარებულმა სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებმა (მოეწყო სარინელი შენობის მთელ პერიმეტრზე და წყლის ორგანიზებული გადაყვანა სანიაღვრე სისტემაში) ვერ უზრუნველყო სარდაფის სართულში სისველის არიდება და შესაბამისად სინესტის აცილება”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
დაგეგმილი მომსახურების შესრულების ვადაა 90 კალენდარული დღე.
ნიკოს სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, რომელიც ფონდმა “ქართუმ” გაიღო. სამუშაოების დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.
თუმცა, ახლადრეკონსტრუირებულ სასახლეში იატაკის ნაწილი 2021 წლის ივნისში დაშალეს და ხელახლა დააგეს. მიზეზი მისი დანესტიანება გახდა.
სამუშაოების მწარმოებელ სამშენებლო კომპანია “ტაო ტბელში” მაშინ გამოცემა “ლაივპრესს” უთხრეს, რომ შენობას დრენაჟის ძველი პრობლემები ჰქონდა, რომელიც აღმოფხვრეს და საგანგაშო არაფერი არ ხდებოდა. კომპანიაში ირწმუნებოდნენ, რომ სასახლე დეტალურად შეისწავლეს, და რომ მსგავსი პრობლემები მომავალში არ იქნებოდა.
დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექს 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.