მუცოს აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი სრულდება

1065

საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მუცოს აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტი წელს დასრულდება. 2018 წელს სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. 

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუს“) ფინანსური თანადგომით 2014 წლიდან ხორციელდება.

გასულ წელს პროექტის მე-4 ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკებისა და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდა. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში, 20-მდე ციხე-კოშკი აღდგა.

პროექტის მიმდინარეობისას, ასევე აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.

მუცოს რეაბილიტაციისთვის 2014-2015 წლებში სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი, კერძო საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კერძო სექტორის ინტერესს ელიან, რომელიც აღდგენილ მუცოში სასტუმროებისა და ტურისტული ბიზნესის განვითარებით დაკავდება.

მუცო უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს. ეს არის მიუვალი სიმაგრე და უანალოგო კომპლექსი, რომელიც განვითარებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფელი მუცო მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე.