ახლო მომავალში აბაშაში ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის პროცესი დაიწყება.
სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალური თვითთმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაციას კომპანია „ივერთმშენი“ მოამზადებს, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი კონცეფცია.
სამუზეუმო კომპლექსში რამდენიმე ზონა მოეწყობა. მათგან პირველი ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა იქნება, სადაც ვიზიტორთა მიღების არეალები განთავსდება.
ამასთან, კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე თანამედროვე ტიპის ნაგებობაში მოეწყობა. საგამოფენო დარბაზი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონირებას დაეთმობა, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება კ. გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების, უშუალოდ მწერლის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა და სხვა ელექტრონული მასალების ნახვა. ამავე სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თემას, სადაც ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ ასლზე საკუთარი ხელმოწერის დატანისა და სამახსოვრო სუვენირად შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
სააგენტოს ცნობით, საზოგადოებრივ- კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებული სცენა, კულისებით რეკონსტრუირდება და სამომავლოდ სპექტაკლების, კონცერტების, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის გამოიყენება.
ასევე, ეთნოგრაფიულ ზონაში მეგრული კარ-მიდამო შესაბამისი ინტერიერებით მოეწყობა: ოდა სახლი ტიპური ჭერით, იატაკით, ბუხრით, აივნითა და კიბეებით. მოეწყობა ჯარგვალი და წყლის წისქვილი მდ. ზანაზე. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მარანს, ხეში ამოთლილი საწნახელით და არსებული ნალიათი. მდ. ზანას ნაპირზე მოეწყობა თევზისა და კიბორჩხალას საჭერი ფაცერები.
კონცეფციის მიხედვით, გათგვალისწინებულია კიდევ ერთი სამუზეუმო ზონა, სახელწოდებით „ევროპისაკენ – დამოუკიდებლობით“, მუზეუმის ვიზიტორები აქ კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით კომპლექსის სიღრმეში გადაადგილდებიან.
სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა, რომელზეც ვერცხლზე ამოტვიფრული 1918 და 1991 წლების აქტები ჩამონტაჟდება. მუზეუმის თემატურ ზონებს გააერთიანებს ეზოს მცენარეული საფარი, რომელიც სპეციალური დიზაინით და ე.წ. „ინგლისური პარკის“ ელემენტებით კეთილმოეწყობა.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს. კომპლექსი 1987 წელს დაარსდა და მასში 168 სამუზეუმო ექსპონანტია დაცული. სახლ-მუზეუმის კომპლექსი 19 018 კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული და რამდენიმე ნაგებობას – ოდა სახლს, ჯარგვალს, ნალიას, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენასა და შესასვლელ „კარიბჭე”-ს აერთიანებს.