ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება

1124

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ. მათი ინფორმაციით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება სექტებრიდან იგეგმება.

“სამინისტრომ, გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად რეგიონებში გასვლები დაიწყო. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ ყველა პრობლემის ადგილზე იდენტიფიცირება. ლანჩხუთში უკვე ვიწყებთ რამდენიმე დარჩენილი ქუჩის რეაბილიტაციის პროექტს. სამუშაოები მოკლე ვადებში დასრულდება და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველვყოფთ. გვინდა, მოვიაროთ ყველა რეგიონი და მაქსიმალურად მოვაგვაროთ სასმელი წყლის პრობლემა“, – განაცხადა  რეგიონული განვითრების მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით 43 პროექტს ახორციელებს, რომლის დასრულების შედეგად, დამატებით 430 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს.