ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

972

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“გზის მონაკვეთი 2 700 მეტრია და სამუშაობის შესრულების პროცესში 4 000 მ3 ქვიშა-ხრეშოვანი მასალა იქნება შეტანილი. სოფელ ჭაბუკიანის, გვიმრიანის, ქვემო ნაშოვარის მოსახლეობას მოეხსნებათ უდიდესი პრობლემები და შეძლებენ შეუფერხებლად საკუთარ ნაკვეთებთან მისვლას და მოსავლის ტრანსპორტირებას.

საერთი ჯამში 2018 წელს სავარგულებამდე მისასვლელი ათ კილომეტრზე მეტი გზა იქნება რეაბილიტირებული”,- აცხადებენ მერიაში.

ამასთან, ლაგოდეხის სოფელ აფენში პირველი ცხაკაიას ქუჩაზე ჭაბურღილი და სასმელი წლის მაგისტრალი მოეწყობა, დამონტაჟდება საუბნო ონკანები და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით. 100 000 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“ქალაქ ლაგოდეხში წყალმომარაგების შეფერხების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. მუდმივ რეჟიმში ხდება უბნებისა და ქუჩების მიხედვით მოსახლეობის წყალმომარაგების მონიტორინგი”, – განმარტეს მერიაში.

ქალაქ ლაგოდეხში ცენტრალური სკვერის სარეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

“პროექტის დასრულების შემდეგ ცენტრალურ სკვერს ექნება განახლებული იერსახე, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარეგანათების ლამპიონები, დასასვენებელი სკამები, მწვანე გაზონები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველ შადრევანს. პროექტის ღირებულება 265 000 ლარია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.