ქობულეთში მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს, მერი კი მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვს

578

ქობულეთში, ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ და ინვესტორ კომპანიას ზღვის სანაპიროზე გადასასვლელის გახსნას სთხოვენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

აქციის მონაწილეებთან ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მივიდა და მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება სთხოვა, რადგან მისი თქმით, აქციის მონაწილეები კერძო საკუთრების ადგილას იმყოფებიან.

„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება ხდება. საინფორმაციო დაფაზე ყველა პირობა წერია. კვირას ამ საკითხზე კომპანიის წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი. ტერიტორიის მფლობელი საკითხს გაგებით ეკიდება. მესაკუთრე ხუთშაბათს ადგილზე იქნება და თავად გაესაუბრეთ. ტერიტორია შპს “კრისტალ ბილდინგს” ეკუთვნის, ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამ კომპანიაზე გაასხვისა. ფაქტი არის ის, რომ მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს. კომპანიამ ზღვაზე გადასასვლელები კეთილმოაწყო. ეს მოქალაქეები სამწუხაროდ სხვის საკუთრებაში არიან. მოვუწოდებ ყველას, რომ კანონის ჩარჩოებში მოექცნენ”, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.