ინვესტორების ნაწილი უცხოელებზე სასოფლო მიწის გაყიდვის წესში ცვლილებებს ითხოვს

282

ინვესტორების ნაწილი უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის წესში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

შესაბამისი მოთხოვნა გასულ კვირას გამართულ ინვესტორთა საბჭოზე მთავრობის წინაშე გერმანიის ბიზნეს ასოციაციამ დააყენა. ასოციაციაში ამბობენ, რომ საგამონაკლისო წესით, რომლის მიხედვითაც უცხოურ საწარმოებს საქართველოში მიწის შეძენა შეუძლიათ, ჯერჯერობით არცერთი ნებართვა არ გაცემულა. ამასთან, მათი ინფორმაციით, მიწის მდგრადი განვითარების ეროვნულ სააგენტოში, რომელიც შესაბამის ნებართვებს გასცემს, ამ დროისთვის მხოლოდ სამი-ოთხი განაცხადი განიხილება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა, შესაბამისი რეგულაცია არაეფექტურია და მისი გამარტივებაა საჭირო. საშა ტერნესის თქმით, არსებობენ უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც ქართულ სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირება სურთ, თუმცა მათ არსებული ბიუროკრატიული პროცედურები აფერხებთ.

„როდესაც უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვის წესში საგამონაკლისო მექანიზმზე მიდიოდა მუშაობა, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს რეგულაცია ზედმეტად მკაცრი იყო. ამ წესის შემოღებიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და ვხედავთ, რომ აღნიშნული მექანიზმით არცერთ უცხოელ ინვესტორს არ უსარგებლია და არ შეუძენია მიწა. შესაბამის სააგენტოში მხოლოდ რამდენიმე განაცხადის განხილვა მიმდინარეობს და ეს აჩენს განცდას, რომ ეს საგამონაკლისო წესი არაა ეფექტური. არიან ინვესტორები, რომლებსაც სურთ ქართული სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირება, თუმცა როდესაც ხედავენ, რამხელა ბიუროკრატიას აწყდებიან, უკვე უკან იხევენ.

მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ ინვესტორმა მიწის ღირებულებაზე მინიმუმ ოთხჯერ დიდი მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც რიგ შემთხვევაში არარეალურია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ გადაიხედოს ეს წესი და უფრო გამარტივდეს. ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რადგან ისეთ უცხოელ ინვესტორებს, რომლებსაც შეუძლიათ, ქართულ სოფლის მეურნეობის სექტორში ცოდნა, გამოცდილება, ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ, ამის შესაძლებლობა მიეცეთ“,- განაცხადა საშა ტერნესმა.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა აკრძალულია. 2019 წელს მიღებული კანონით დაკონკრეტდა, რომ უცხოელ ფიზიკურ პირს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა არ შეუძლია, ხოლო საწარმოების შემთხვევაში, დომინანტი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ.

რაც შეეხება უცხოურ საწარმოს, ამ მიმართულებით გარკვეული გამონაკლისი დაიშვა და უცხოურ კომპანიაზე მიწის გასხვისება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუკი საწარმო გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და მთავრობა შესაბამის საინვესტიციო გეგმას მოიწონებს.