აწყურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

1176

9 ივლისს ახალციხეში, სოფელ აწყურში, რიგით 53-ე საზოგადოებრივი სახლი გაიხსნა. ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

ადგილობრივებს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს 200–მდე სერვისის მიღება შეეძლებათ, მათ შორის მიწის და ქონების რეგისტრაცია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება და ა.შ. ასევე, საზოგადოებრივი ცენტრი აღჭურვილია ინტერნეტითა და თანამედროვე ტექნიკით. აქვე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც თანამედროვე ლიტერატურაა თავმოყრილი.

“საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ.
აწყურის საზოგადოებრივი ცენტრი სოფლისა და მის მიმდებარედ მცხოვრებ 4 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს.

ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება”, – აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.