ახალციხის სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის (ვიდეო)

1177

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში ცოტა და ისიც სასმელად უვარგისი წყალი მოდის, რის გამოც მოსახლეობა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც მუგარეთის მცხოვრებლები ამბობენ, ავზი საიდანაც სოფელი წყლით მარაგდება დაბნძურებულია, მილები კი გამოსაცვლელი. წვიმიანი ამინდის დროს, სოფელში მღვრიე წყალი მოდის, გვალვებისას კი საერთოდ შრება და სოფელი უწყლოდ რჩება.

„წვიმის დროს მოდის ტალახივით წყალი. მე მაგალითად მანქანით ვეზიდები ხან წნისიდან, ხან სხვა სოფლებიდან“, – ამბობს მუგარეთში მცხოვრები რეზო კაპანაძე.

დასალევ წყალს ლია დემეტრაძეც მეზობელი სოფლიდან ეზიდება, ზოგჯერ კი მაღაზიაში ყიდულობს, რადგან ინტოქსიკაციის ეშინია:

„ბავშვებს ვერ ვასმევთ ისეთი ცუდი წყალი მოდის. კოღო და ბაყაყი მოყვება წყალს. ამიტომ ბავშვებისთვის ვყიდულობთ, ან მეორე სოფლიდან ფერსადან მოგვაქვს“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა არა მხოლოდ სოფელ მუგარეთში, არამედ მის მიმდებარე დასახლებებშიც დგას. ამიტომ თვითმმართველობაში პროექტი მომზადდა, რომელიც ხუთი სოფლისათვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდშია წარდგენილი და დაფინანსებას ელოდებიან.

„წინუბნის ღელეში უნდა მოეწყოს საფილტრე დანადგარები, მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხუთი სოფლი სასმელ წყალს მიიღებს. ამ ხუთ სოფელში იქნება ჩართული მუგარეთიც. პროექტი, როგორც სათავე, ასევე, გამწმენდი ნაგებობების მზად არის. გარდა ამისა, უკვე გვაქვს მაგისტრალი, რომელიც სოფელ მუგარეთს საკმაო რაოდენობის წყალს მიაწვდის“, – ამბობს მელიქიძე.

დააფინანსებს თუ არა მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნულ პროექტს, თვითმმართველობაში ვერ აკონკრეტებენ. მათი ინფორმაციით, პროექტი ორ ნაწილს მოიცავს. ერთი ეტაპი, სათავე–ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მეორე კი მაგისტრალის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 1 800 000 ლარია.