მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტები ერთობლივ ტურისტულ პროექტებზე მუშაობენ

874

სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონალური ტურისტული პროექტების განხორციელება იგეგმება. ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მარტვილის და ხონის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად განსახორციელებელ ტურისტულ პროექტებზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი რომელიც ორ კვირაში ახალ ტურისტულ მარშუტებსა და არსებულ საჭიროებებზე პირველადი მოკვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

“სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად სამუშაო ჯგუფში გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან. პრიორიტეტების შერჩევის დროს უპირატესობა ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ობიექტებს მიეიჭება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ჩვენ გვაქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ამის მცირედ ნაწილსაც კი ვერ ვიყენებთ, რისთვისაც საჭიროა, როგორც მუნიციპალური, ასევე რეგიონალური ერთობლივი პროექტების განხორციელება, რათა ტურისტებს რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ლოკაცია შევთავაზოთ, ეს უნდა იყოს კომპაქტური და ამავდროულად კომპლექსურად მართული პროცესი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთ რეგიონში მოსული ტურისტი მეორე რეგიონსაც მივაბათ და ერთობლივი ტურები შევთავაზოთ. ამისთვის საჭირო იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა და საერთო მარშრუტების შექმნა. მაგალითად, ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციას და ოკაცეს კანიონს სტუმრობენ უნდა შემოვიდნენ მარტვილის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებზე, ასევე პირიქით. უნდა არსებობდეს ბმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ტურისტები ვცვალოთ და რაც შეიძლება დიდი ხანი დავაყოვნოთ ჩვენს რეგიონებში, რომ აქ ბევრი ფული დახარჯონ, რაც თავისთავად დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ – განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

ლევან შონიას განცხადებით, ტობავარჩხილის ტურისტულ ლოკაციამდე მისასვლელად ტურისტებს უნდა შეეძლოთ როგორც – ჩხოროწყუდან, ასევე წალენჯიხიდან, მარტვილიდან და ხაიშიდან ჩასვლა, რისთვისაც მოხდება ერთობლივი ინტერმუნიციპალური პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე ერთიანი ტურისტული რუკების შექმნას, მარშრუტების განსაზღვრას, მარკირებას, გიდების და მაშველების გადამზადებას.

ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტოორიების წარმომადგენლები და სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის და ხონის მერი.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, მუნიციპალიტეტები ახალი ტურისტული მარშრუტების შესწავლასა და დაგეგმარებაზე მუშაობენ.