კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, საბავშვო ბაღისთვის გათვალისწინებულ შენობის სახურავს რეაბილიტაცია მეორადი მასალით ჩაუტარდა. ამის შესახებ იმ წერილებშია აღნიშნული, რომელიც კასპის მერიამ მშენებლ კომპანიასთან აწარმოა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, დაახლოებით 120 კვ.მ ფართობიდან, ახალი თუნუქი, მხოლოდ, 45 კვ.მ ფართობზე დაჭირდათ. დანარჩენ ფართობზე მანამდე არსებული, მეორადი მასალა გამოიყენეს:
,,ძველი მასალა კვლავ გამოდგებოდა. პროექტის მიხედვით, ასე იყო მითითებული. ჩვენ ისე გავაკეთეთ, როგორც ეს პროექტშია აღნიშნული, ვგულისხმობ ხარჯთაღრიცხვის სახით წარმოდგენილ განაცხადში,” – აღნიშნავს კომპანია ,,ჯდს კომპანის” წარმომადგენელი ალექსანდრე გეჯაძე.
კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ნატროშვილი ამბობს, რომ ძველი სახურავი ქარმა გადახადა, ამიტომ, გადაწყვიტეს სახურავის რეაბილიტაცია:
,ეს შენობა თავის დროზე წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახლს. ძველი აშენებულია, თუმცა რეაბილიტაცია ჩატარებული ჰქონდა. ძლიერი ქარის დროს, სახურავი დაზიანდა. გადავწყვიტეთ მისი რეაბილიტაცია, რომელიც შესაძლებელი იყო იმ მასალით გაკეთებულიყო, რომელიც მანამდე არსებობდა,” – აცხადებს ნოდარ ნატროშვილი.
პროექტის მიხედვით, კომპანიას უნდა შეეძინა ასევე ხის მასალა. კასპის მერი წერილში აღნიშნავს, რომ ახალი თუნუქის ყიდვა შესაძლებელი გახდა სამუშაოების დროს წარმოშობილი ეკონომიკიის და ხის მასალის ხარჯზე:
,,რეაბილიტაციის დროს ხის მასალა იმაზე ცოტა დაგვჭირდა, ვიდრე ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. ამ ეკონომიკიის ხარჯზე შევიძინეთ ახალი თუნუქი, ისე, რომ რეაბილიტაციის საერთო თანხა არ შეცვლილა,” – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კასპის მერის წერილის მიხედვით, მეორადი თუნუქის მასალის ნაწილი იმდენად დაზიანებული იყო, რომ 45 კვ.მ ფართობზე, ახალი თუნუქის ყიდვა დაჭირდათ.