სად გაქრა შშმ პირის წერილი ქობულეთის მერიიდან?

1040

ქობულეთის მერიაში შშმ პირმა ლეილა მენაღარიშვილმა ეტლის შესაძენად და სოფელ მუხაისტატეში გზის მოსაწესრიგებლად განცხადება 31 მაისს შეიტანა. შემთხვევიდან 26 დღის შემდეგ თვითმმართველობაში მხოლოდ ერთი კორესპოდენცია იძებნება, მეორე კი გაქრა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სად წავიდა წერილი? 

ლეილა მენაღარიშვილი ამბობს, რომ წერილი მერიაში მისმა მეგობარმა მიიტანა და კანცელარიაში დატოვა.  ერთი ასლი კი სახლში აქვს შენახული. ის ეტლის შესაძენად თანხის გამოყოფას მერს მირიან ქათამაძეს სთხოვს.

”რამდენიმე თვეა დავიწყე მუშაობა ბათუმში, თავისუფალ სივრცეში მენეჯერის თანაშემწედ. ახლა უფრო მეტად მესაჭიროება ვიყო აქტიური. ამისთვის კი მნიშვნელოვანია მქონდეს ჩემზე მორგებული ეტლი. ჩემი ეტლი მწყობრიდან გამოვიდა და მისი გამოყენება მიჭირს. წერილით მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და მან ეტლის ღირებულების 30%, ანუ 500 ლარი დამიფინანსა, დარჩენილი ღირებულება კი 900 ლარს შეადგენს. ბატონო მირიან გთხოვთ დამეხმაროთ ახალი ”აქტიური ეტლის” შეძენაში. მე და ჩემი ოჯახი ვართ სოციალურად დაუცველი და ეტლის შესაძენად ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნია” – წერია განცხადებაში, რომელიც მერიაში გაიგზავნა.

მეორე წერილში კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოფელში გზის მოწესრიგებას ითხოვს. განმარტავს, რომ დაზიანებულ საავტომობილო გზაზე ეტლით გადაადგილება უჭირს.

ქობულეთის მერიაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ კანცელარიაში ლეილა მენაღარიშვილის სახელზე მხოლოდ ერთი წერილი იძებნება, რომელიც გზის მოწესრიგებას ეხება, განცხადება შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის უკვე გადაეგზავნა.

რაც შეეხება ფინანსური დახმარების მოტივით დაწერილ წერილს, პრესამსახურში ირწმუენბიან, რომ მსგავსი შინაარსის წერილი მერიაში არ შესულა.

”მსგავსი შინაარსის კორესპოდენცია  კანცელარიაში არ ფიქსირდება. მერია პასუხისმგებელია ყველა იმ წერილზე, რომელიც რეგისტირებულია​არ ყოფილა შემთხვევა მერიაში შემოსული წერილი გამქრალიყო, ასეთი ფაქტი არ მახსენდება. კანონის თანახმად კორესპოდენციის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ხდება რეაგირება. ადრესატს პასუხს ვწერთ. ამ შემთხვევაში უმჯობესია ლეილა მენაღარიშვილმა წერილი მერიაში ხელახლა შემოიტანოს” – აცხადებენ თვითმმართველობაში.

26 წლის ლეილა მენაღარიშვილი რვა წელია ეტლით მოსარგებლეა. სამსახური დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. მას ახალი ე.წ. სპორტული ეტლის შეძენა ესაჭიროება.