გერგეტის სამებაში მიმდინარე სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებულია და ახალი იატაკით ტაძრის ავთენტურობა არ დაირღვევა – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ „ლიბერალთან“ იმ ფოტოების შესახებ განმარტა, რომლებიც Facebook-ზე ინა სუკიასიანმა გაავრცელა.
ფოტოებზე იატაკის შეცვლის პროცესია აღბეჭდილი, რომელიც გათბობის ახალი სისტემის დასაყენებლად გახდა საჭირო.
ბექა ბარამიძის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ითხოვა.
ნებართვის წერილში განმარტებული იყო, რომ გერგეტის სამება მძიმე კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებშია, 2200 მეტრზე, -20-25 გრადუს ყინვაში რთულია სამონასტრო ცხოვრების წარმართვა, ამიტომ, აუცილებელია, იქ გათბობის ახალი სისტემის შეყვანა და შესაბამისად, იატაკის შეცვლა.
სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, გერგეტში უნდა აიყაროს 2003 წელს დაგებული იატაკი და სანაცვლოდ, იქ ე.წ. ბოდბის ქვა დაიგოს. მისი თქმით, ესაა ბუნებრივი ქვა, რომლითაც სრულად შენარჩუნდება სამების ავთენტური სახე. ბარამიძის ინფორმაციითვე, გათბობის სისტემა ისეთ ადგილზე დამონტაჟდება, რომ არ გამოჩნდება. ასევე შეიფუთება ის ელექტროსადენები, რომელიც ფოტოში ჩანს.
მიმდინარე სამუშაობი 25 ივნისს უნდა დასრულდეს.
სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.