პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ითხოვს, RMG-ის ახალი საბადოს დამუშავების უფლება არ მიეცეს. მიზეზად კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული მასშტაბური ზიანი სახელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ, ვიდრე ეს ზიანი არ გამოსწორდება და გარემოს დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები უზრუნველყოფილი არ იქნება, ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე ახალი საბადოს დამუშავების უფლება არ უნდა მისცეს.
როგორც ცნობილია, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში ტყვიის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტია. ამასთან, ადგილზე აღებული სინჯების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანია RMG-ის საკუთრებაში მყოფი კაზრეთის პოლიმეტალური სამთომომპოვებელი საწარმოს მიერ დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი.
ის, რომ RMG-ის საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობები სხვადახვა მიმართულებით დარღვეულია, ამაზე აპრილის დასაწყისში გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ლაპარაკობდა.
კომპანია RMG-ის საქმიანობა, რომელიც ოქროს მოპოვებით არის დაკავებული, საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული პროტესტის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც კულტურის სამინისტრომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნა და ამით კომპანიას საშუალება მისცა, ოქრო აქ მოეპოვებინა. საყდრისის დაცვის კომიტეტი ამბობს, რომ ამან მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საბადოს განადგურება გამოიწვია. ამას ემატება აქ შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ამ კომპანიის საქმიანობის შედეგია, რის გამოც ეს საკითხი მუდმივად საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების უკმაყოფილების საგანია და რომლის გამოც 2013 წლიდან არაერთი აქცია გაიმართა.
კომპანიის საქმიანობა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ საბადოს გარშემო შექმნილი ვითარება სავალალოა და კომპანიამ გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.
“სამუშაო ჯგუფმა სამუშაოს წარმოების შემდეგ დაადგინა კონკრეტული ფაქტები. აქ მოხდა ანალიზი იმ არსებული კვლევების, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების და დამოუკიდებელი პირების მიერ ჩატარებული კვლევები. შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენ ვთვლით, რომ ამ საბადოს გარშემო შექმნილი ვითარება საკმაოდ სავალალოა და აუცილებელია, დაიწყოს იმ სამოქმედო გეგმის შესრულება, რომელიც გარემოს დაცვისთვის შეიქმნა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს კომპანიას ახალი საბადოს ათვისების შესაძლებლობა. მანამდე ამის გაკეთება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია,“ – განაცხადა droa.ge-თან საუბრისას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
მისი თქმით, კომიტეტმა გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს RMG Gold-ის საქმიანობის შესახებ წერილით მიმართა.
გარემოს დაცვის კომიტეტი, მის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანალიზზე დაყრდნობით, უწყებებს მიუთითებს, რომ კომპანიას არ უნდა მიეცეს „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე ახალი საბადოს დამუშავების უფლება იქამდე, სანამ არ გამოჩნდება კომპანიის ნება არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფის მტკიცებით, ზარალი გაცილებით მეტია, რადგან დაბინძურების შედეგები აკუმულირებადია, ჯარიმების დღეს მოქმედი სისტემა კი არაეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას.
RMG Gold-ისა და RMG Copper-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოზე მიყენებულ ზიანის შესასწავლად პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში საგანგებო ჯგუფი აპრილის დასაწყისში შეიქმნა.
ამ ჯგუფმა შეისწავლა არასამთვრობო ორანიზაციების – „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო კვლევითი პლატფორმების“ მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც კომპანია RMG Gold-ის და RMG Copper-ის მიერ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში გარემოს დაბინძურების სავარაუდო შემთხვევებს ეხება.
მათი ვარაუდი ეფუძნება მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შესწავლის როგორც სამეცნიერო, ისე სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებულ კვლევებს. მოცემული კვლევების თანახმად, ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ზღვარს საგრძნობლად აღემატება, ხოლო დაბინძურების მთავარ წყაროს კომპანიების – RMG Gold-ისა და RMG Copper-ის მმართველობის ქვეშ მყოფი საწარმოო ტერიტორია წარმოადგენს.
სამუშაო ჯგუფის ანალიზით, 2010 წელს დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო 2010 წლიდან 2014-მდე, ვიდრე კომპანია ინტენსიურ სამუშაოებს დაიწყებდა, დაბინძურებამ იკლო. საყდრისის საბადოს ათვისებისა და საწარმოო სამუშაოების ინტენსიურად დატვირთვის შედეგად, გარემოს დაბინძურება არა მხოლოდ 2010 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, არამედ დაბინძურების არეალიც გაიზარდა.
სამუშაო ჯგუფი კომიტეტს მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
- RMG Gold-მა კანონდარღვევით ააშენა ოქროს გამამდიდრებელი საწარმო აბულბუქის ხეობაში, რომლის გამოც გარემოს 29 153 880 ლარის ზიანი მიადგა;
- RMG Copper-ის მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა;
- RMG Gold -ისა და RMG Copper -ის საქმიანობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი დღემდე არ არის სრულად დაანგარიშებული;
- გარემოსთვის მიყენებული ზიანი, შესაძლოა, აისახოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
- კომპანიას ბოლომდე არ აქვს შესრულებული სამინისტროს მიერ მასზე დაკისრებული რიგი ვალდებულებები.
სამუშაო ჯგუფის მტკიცებით, „ზარალი გაცილებით მეტია, რადგან დაბინძურების შედეგები აკუმულირებადია. ჯარიმების დღეს მოქმედი სისტემა არაეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას. ასევე, კომპანია არ ასრულებს მისი მხრიდან სხვადასხვა დროს აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის, იმ საბადოებზე, სადაც მოპოვებითი სამუშაოები დაასრულა, არ განახორციელა რეკულტივაცია და რემედიაცია“.
ამიტომ, სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, აუცილებელია, საწარმოს გააჩნდეს ფინანსური გარანტიები მდგრადი გარემოსდაცვითი მიმართულებით და RMG Gold-ისა და RMG Copper-ის მოპოვებითი სამუშაოები უნდა დაექვემდებაროს ევროკავშირში დანერგილ პრინციპებს.
შესაბამისად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს:
- საბადოების არსებული მეთოდოლოგიითა და პრაქტიკით დამუშავების გაგრძელება და ახალი სამუშაოების დაწყება სხვა საბადოებზე, გაზრდის დაბინძურების დონესა და მის არეალს ქვემო ქართლის რეგიონში.
შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს „წიაღის ეროვნულმა სააგენტომ“ არ უნდა მისცეს კომპანიას უფლება, „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე დაიწყოს ახალი საბადოს დამუშავება, ვიდრე არ დავინახავთ კომპანიის ნებას და რეალურ ქმედებებს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სავალდებულოა, RMG Gold-ისა და RMG Copper-ის მიერ შესრულდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს კოორდინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევების განსახორციელებლად;
- გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს RMG Gold-ისა და RMG Copper-ის ტერიტორიაზე განლაგებული ძველი (ისტორიული) კუდსაცავების მდგრადობის შემსწავლელი სეისმოლოგიური კვლევები.