პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებულ ზიანს შეისწავლის. 15-კაციანი ჯგუფი მუშაობას შემდეგი კვირიდან დაიწყებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“28 მარტს, კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსული იყო მინისტრი და RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა, ვთქვი, რომ შევქმნიდით სამუშაო ჯგუფს, რომელიც კომიტეტის ფარგლებში ამ საკითხის შესწავლაზე იმუშავებდა. არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, არის სამინისტროს მიერ შედეგენილი სამუშაო გეგმა – ვალდებულებები, რომელიც RMG-მ უნდა შეასრულოს. სამუშაო ჯგუფში დეპუტატებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. დეტალურად შევისწავლით, რეალურად რა ზიანზეა საუბარი, რა სახის კვლევები არსებობს, რამდენად შესრულებადია სამინისტროს მიერ გაკეთებული გეგმა – საჭიროა ვაკონტროლოთ RMG-ის მიერ ამ გეგმის შესრულება. ბევრი კითხვა დაისვა და უნდა გაირკვეს ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხები. არის ბევრი საკითხი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მათ უნდა გაეცეს პასუხი“, – თქვა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ტანძიაში, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობა ორ კვირაზე მეტია აქციებს მართავს. ისინი კომპანიის წარმომადგენლებს ხევში შესვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ.
ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე კვლევა ჩატარდა. შედეგებიდან ირკვევა, რომ ბოლნისსა და დმანისში ტყვიის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტია.