ბოლნისსა და დმანისში ნიადაგი და წყალი მძიმე ლითონებით არის დაბინძურებული

3324

„ადგილზე აღებული სინჯების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანია RMG-ის საკუთრებაში მყოფი კაზრეთის პოლიმეტალური სამთომომპოვებელი საწარმოს მიერ დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. ზემოთ აღნიშნული ელემენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე საზიანო გავლენას ახდენს. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, წარმოებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. აღნიშნული პროდუქცია კი ბაზარზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედის. ეს პრობლემა უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება“, – ამის შესახებ აღნიშნულია პუბლიკაციაში – „ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან“. კვლევა მოიცავს ნიადაგებისა და წყლების მძიმე მეტალებით დაბინძურების ანალიზს. ამის შესახებ სტატიას “ლიბერალი” ავრცელებს.

RMG-ის მმართველობის ქვეშ არსებული საბადოები, რომლებიც ღია კარიერული წესით მუშავდება, ტოქსიკური ლითონებით გარემოს ინტენსიურ დაბინძურებას იწვევს. ათეულობით კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წლების განმავლობაში ნორმას საკმაოდ აღემატება.

მდინარე მაშავერაში კაზრეთულას შეერთებიდან 17 კმ-ში, სოფელ რაჭისუბანთან,  ოქტომბერში რკინა 1.6-ჯერ და კადმიუმი 3.5-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. რაც შეეხება მდინარე კაზრეთულაში მაშავერასთან შეერთებამდე აღებულ სინჯებს, კვლევების შედეგად ივლისში დაფიქსირდა მანგანუმის შემცველობის 21.67-ჯერ გადაჭარბება, ხოლო ოქტომბერში – სპილენძის 1.8-ჯერ, ტყვიის 2-ჯერ, თუთიის 2.5-ჯერ, მანგანუმის 5-ჯერ, რკინის 6-ჯერ და კადმიუმის 3.5-ჯერ გადაჭარბება“, – ვკითხულობთ კვლევაში.

გარდა წყლის სინჯებისა, კვლევა ჩატარდა ნიადაგების საწარმოო დაბინძურების ხარისხის შესაფასებლად.

ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების 21 სოფელში აიღეს 42 სინჯი და, დამატებით, მდინარე ფოლადაურის ერთ-ერთი მარცხენა შენაკადის ფსკერზე – 1 სინჯი. ანალიზი ჩატარდა შემდეგ მძიმე ლითონებზე: სპილენძზე (Cu), მანგანუმზე (Mn), თუთიაზე (Zn), კადმიუმსა (Cd) და ტყვიაზე (Pb).

„მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სპილენძი მომატებულია ნახიდურში, აბულბუქის ტერიტორიაზე, კაზრეთსა და ბალიჭში. მანგანუმი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით მომატებულია სოფლებში – ნახიდურში, მუშევანში, რატევანში, ვარდისუბანში, ბალიჭის ჭალებში, ფოცხვერიანში, ტანძიაში, კაზრეთში, ბალიჭის შესასვლელთან და მის ზემოუბანში. კადმიუმის მატება განსაკუთრებით სოფელ რატევანში აღინიშნა, მისმა შემცველობამ ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას ასევე გადააჭარმა მწყნეთში, ტანძიაში, კაზრეთში, აკაურთასა და გომარეთში. სოფელ ბალიჭში ყველაზე მეტად კადმიუმი ჭალების ტერიტორიაზეა მომატებული.

თუთია ძალზე მომატებულია და თითქმის 2010 წლის ნიშნულს უტოლდება აბულბუქისა და რატევნის ტერიტორიაზე. ხოლო ბალიჭის ჭალებსა და ქვემო ბოლნისის მდინარის ფსკერზე აღებულ ნიმუშებში მისი კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება პირველ შემთხვევაში 219 ერთეულით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 15 ერთეულით.

რაც შეეხება ტყვიას, მისი კონცენტრაცია მომატებულია საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფლებში: ვარდისუბანი, მამიშლო, პატარა დმანისი, აბულბუქი, ბალიჭის ჭალები, ბალიჭის შესასვლელთან, ბალიჭის შუაუბანი, ბალიჭის ზედაუბანი, ტანძია, დარბაზი, ფოცხვერიანი, კაზრეთი, ფოლადაურის შენაკადის ფსკერი“, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.