ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საველე მონაცემების შეგროვებას მიმდინარე თვეში დაასრულებენ.
მომდევნო ეტაპზე სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის მხარეში განხორციელდება.
საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები მოცემულ არეალებზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიულ მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართ სადგურებს, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს. აღწერილ მონაცემებს ვიზუალიზაციისათვის თანდართული იქნება შესაბამისი ფოტომასალა.
შეგროვებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საჯარო რეესტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო საჯარო რეესტრის საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახადოს, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას.
პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და თბილისში, ასევე, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის დასახლებულ პუნქტებში. ამ ეტაპზე სულ აღწერილია დაახლოებით 156 024 ობიექტი, მათ შორის : 92 952 ინტერესის ობიექტი, 63 072 საგზაო ნიშანი, 57 კმ საველოსიპედო ბილიკი და 11 885 კმ სიგრძის საავტომობილო გზათა ქსელი.