გალში სირიიდან ლტოლვილების დასახლებას გეგმავენ

1367

გალში სირიიდან ლტოლვილების დასახლებას გეგმავენ. ამის შესახებ, ტელეკომპანია “გალ ტვ”-ზე დაყრდნობით,  ლაივპრესი ავრცელებს.

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში რეპატრიაციის ე.წ. მინისტრი ბესლან დბარი გალის რაიონში იმყოფებოდა და ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას შეხვდა. როგორც ტელეკომპანია „გალ ტვ“ იუწყება, მათ სირიიდან გალის რაიონში აფხაზების რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ორმაგად გვახარებს სირიის აღიარება, რადგან სირიაში აფხაზების, ჩვენი დიასპორის შთამომავლები ცხოვრობენ. ვფიქრობ, რომ გეოპოლიტიკურ ჭრილში აფხაზეთს ახალი პერსპექტივა აქვს. მე შევხვდი გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თემურ ნადარაიას, რათა დავსახოთ ჩვენი თანამემამულეთა რეპატრიაციისთვის გეგმები. იმის გათვალისწინებით, რომ გალი არის ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი, ბუნებრივია, ამ რაიონის დატოვება უყურადღებოდ არ შეგვიძლია. ვიცით, რომ ადამიანური რესურსები ყველგან საჭიროა, მათ შორის გალშიც“, – აღნიშნა ბესლან დბარმა.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს თურქეთიდან და იორდანიიდან აფხაზების რეპატრიაციის საკითხიც. დე ფაქტო მინისტრის თქმით, სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეებს ექნებათ განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში დახმარება, ასევე, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან და საცხოვრებელი პირობებით და სამუშაო ადგილებით.

სირიიდან აფხაზების რეპატრიაცია 2012 წლიდან დაიწყო. ისინი უკვე ცხოვრობენ გულრიფშში, სოხუმსა და გუდაუთაში.

შეგახსენებთ, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა ცოტა ხნის წინ აღიარა.