სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაფიცულ მემანქანეებთან მივიდა. ომბუდსმენმა მემანქანეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, სამართლებრივი კუთხით დახმარებას შეჰპირდა და მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებები. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.
ნინო ლომჯარიამ მემანქანეებთან შეხვედრისას უარყოფითად შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილებაც.
„ძალიან კომიკურია, როცა მემანქანეებს არასამუშაო საათებში ეძლევათ გაფიცვის უფლება, რადგან გაფიცვა სწორედ სამუშაო საათებში მასზე უარის თქმას გულისხმობს. გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი.
რა თქმა უნდა, ორივე მხარემ – დამსაქმებელმაც და დასაქმებულმაც უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები. მე მოვედი აქ, რათა გავესაუბრო და გავიგო, რა მოლოდინი და მოთხოვნები აქვთ სახალხო დამცველის მიმართ მემანქანეებს“, – თქვა სახალხო დამცველმა მემანქანეებთან შეხვედრის დაწყებამდე.
მემანქანეები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის და ელოდებიან მერიის წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.
თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.
გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.
ასევე, უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.