მემანქანეებსა და თბილისის მერიას შორის მოლაპარაკებები დღესაც გაიმართება

871

გაფიცული მემანქანეების თქმით, დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება. ერთ-ერთი მემანქანე რატი კაპანაძე აცხადებს, რომ თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას დადებითად აფასებენ. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

„მერის აქ მოსვლა არის დადებითი ნაბიჯი, რადგანაც დაიწყო მოლაპარაკებების ეტაპი. საბედნიეროდ, გაიმართა ეს შეხვედრა ჩვენსა და კახა კალაძეს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, არ იყო ის კონკრეტიკა, რაც დააკმაყოფილებდა გაფიცულ ადამიანებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება და კონკრეტულ დადებით შედეგამდე მივალთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს გაგრძელდება შეხვედრები მოლაპარაკების მაგიდასთან, დადებითად და ლოგიკურ დასკვნამდე მივა ეს ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კონკრეტიკა და გამოკვეთილი დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მემანქანე რატი კაპანაძემ.

მეორე დღეა უკვე მეტრო არ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.

მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.