მეტროს თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ – მერის და მემანქანეების მეორე შეხვედრაც უშედეგო აღმოჩნდა

831

წინა სტატია

კალაძის და მეტროს გაფიცული მემანქანეების მეორე შეხვედრაც უშედეგო აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ on.ge ავრცელებს. ამჯერად შეხვედრა გლდანის დეპოში გაფიცულებთან შედგა. მას კახა კალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელები და მემანქანეები ესწრებოდნენ.

რამდენიმე წუთის წინ მემანქანეებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი ინფორმაციით, მერმა მათ შესთავაზა, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით 2019 წლიდან ემსჯელათ, მანამდე კი მოეთმინათ, ვინაიდან ახლა დედაქალაქის ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს.

როგორც მემანქანეები ამბობენ, მათ წლებია, ასე ჰპირდებიან, თუმცა, პირობა არ სრულდება. მათ ასევე, თქვეს, რომ ტყუილია, თითქოს მემანქანეებს 1400-1800 ლარი ხელფასი აქვთ. მემანქანეები ამბობენ, რომ ისინი ხელზე 1000 ლარს იღებენ. შეხვედრაზე გაფიცულებს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს იმით აუხსნა, რომ კომპანიას თითო მემანქანის “შენახვა ასე უჯდება”, თუმცა, მემანქანეები აცხადებენ, რომ არ იციან, რატომ ჯდება მათი “შენახვა” 1400-1800 ლარი, რადგან მათი ხელფასი ამდენი არაა. მათ დღეს, მერიის საპირისპიროდ, საკუთარი სახელფასო უწყისები გაასაჯაროეს.

მეტროს მემანქანეები გაფიცვის გაგრძელებას აპირებენ, რის გამოც მეტრო ხვალაც არ იმუშავებს. მათ დედაქალაქის მოსახლეობას ბოდიშიც მოუხადეს იმ დისკომფორტისთვის, რაც მათ შეექმნათ, თუმცა, ასევე, არწმუნებენ, რომ თბილისის მერიამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა.

ჯერჯერობით, არც დედაქალაქის მერს ან მერიის რომელიმე წარმომადგენელს და არც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული პირველი მოლაპარაკებაც, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიაში შედგა.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა, რის შემდეგაც, საპირისპიროს დასამტკიცებლად, სახელფასო უწყისები გაავრცელეს გაფიცულმა მემანქანეებმა, რომლითაც დასტურდება, რომ მათი ხელფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სატრანსპორტო კომპანია ამბობს.