ახალციხეში, სოფელ ივლიტაში, დაახლოებით, ორი წლის წინ დაგებულ გზაზე 500-მეტრიანი მონაკვეთია დაზიანებული. კომპანიას ასფალტი ხელახლა გასული წლის სექტემბერში უნდა დაეგო, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სოფელ ივლიტის ახალციხესთან დამაკავშირებელი გზა 1 178–მეტრზე შპს „არალმა“ დააგო. სამუშაოები ორი წლის წინ დასრულდა, თუმცა რეაბილიტაციის დამთავრებიდან ერთ წელში ასფალტი დასკდა და აიყარა. დაზიანებულ ადგილზე კი გზა ჩაიწია.
2017 წლის სექტემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ კომპანიამ დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტის ამოჭრა დაიწყო და აღდგენა წლის ბოლომდე დასრულდებოდა.
„ამოჭრა მშენებელმა და ხრეში ჩაყარა, მაგრამ ზამთრის პირობებმა შეუშალა ხელი. ახლა კი დათბა, მაგრამ წვიმებია“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.
მისი თქმით, გზის დაზიანების მიზეზი აქ მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა, ან ასფალტის ქვეშ მოქცეული წყლის მილია: „როცა ამოიჭრა გაფუჭებული მონაკვეთი ვნახეთ, რომ იქ სისველე იყო. ძველი წყლის მილია და წყალი იქიდან გამოდიოდა. ამის შესახებ მოსახლეობამაც არ იცოდა, იმიტომ რომ მათ ახლა სხვა, ახალი მილებით ჰყავთ წყალი სახლებამდე მიყვანილი. გარდა ამისა, ისევ ამ კომპანიას დაყავს ამ გზაზე მძიმეტონიანი მანქანები, რადგან ჭვინთა–ელიაწმინდის გზას აკეთებს“.
შპს „არალის“ დირექტორის მოადგილე ოთარ თათეშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ გზაზე მისი კომპანიის მძიმეწონიანი მანქანები ნამდვილად დადიოდნენ: „დავასრულეთ ჭვინთა–ელიაწმინდის გზის რეაბილიტაცია, ამიტომ მძიმეწონიანი მანქანები აღარ ივლიან. წყრუთიდან მოვყვებით და სადაც დაზიანებულია ყველგან გავაკეთებთ. ხუთ დღეში სულ დასრულდება. რაც შეეხება წყლის ძველ მილს ჯერ არ მინახავს“.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ასფალტის დაგებამდე აქ გეოდეზიური სამუშაოები რომ ჩატარებლიყო და გზა დაებურღათ. ასე შესაძლოა, 500–მეტრიანი მონაკვეთ აღარ დაზიანებულიყო.
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე კი ამბობს, რომ „გეოდეზიური სამუშაოები მაშინ ტარდება, როცა ახალი გზა იგება, აქ კი გზა მრავალი წელია არსებობს და მსგავსი პრობლემა არასდროს შექმნილა“.