ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში სასმელი წყლის ხარისხი ამინდზეა დამოკიდებული. წვიმის დროს წყალი იმღვრევა, არის შემთხვევები, როდესაც წყალს ქვეწარმავლები მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის ტელევიზია “tv 9” ავრცელებს.
უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი წყალს წყაროებიდან ეზიდება. ყვიბისელები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
ბორჯომის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” და სოფელ ყვიბისის მკვიდრი ბაკურ გელაშვილი წყლის დაზიანებულ ცენტრალურ მილზე საუბრობს. მისი თქმით, სამუშაოები მიტოვებულია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე კი ამბობს, რომ სოფელში საფილტრი სადგური აშენდა “და ის გაცილებით მეტ წყალს ფილტრავს, ვიდრე სტანდარტებით საჭიროა.”