მოსწავლეების ორგანიზებით, ახალციხეში ბიზნესფორუმი გაიმართა

743

27 მაისს ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბიზნესფორუმი მოეწყო. ფორუმში ახალციხის მუნიციპალიტეტის 17 სკოლის ჯგუფები მონაწილეობდნენ. მათ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე თავიანთი ხედვები პრეზენტაციის სახით წარადგინეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

მოსწავლეების პრეზენტაციები, ძირითადად, უპატრონო ძაღლებისათვის თავშესაფრის მოწყობას, ახალციხეში ეკოტურიზმის განვითარებას, არტ–კაფის მოწყობას, ასევე მესხური ოდის შენარჩუნებას და ყველის საწარმოს გახსნას ეხებოდა.

ბიზნესფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციებს ჟიური აფასებდა. ფორუმის დასრულების შემდეგ, საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორები გამოავლინეს, რომლებიც ახალციხის პირველი და სოფელ სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. მათი პრეზენტაციები, ქალაქში არტ–კაფის გახსნას და ეკოტურიზმის განვითარებას ეხებოდა.

საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორები, ზაფხულის ლიდერთა სკოლაში უფასო საგზურებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება, პროექტის „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, რაც მომავალში წარმატების მისაღწევად გამოადგებათ.