მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

726

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის, სოფელ კოდასა და დაბა თამარისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის და ბოლნისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების საჯარო განხილვა გამართეს. პროექტები ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (USIIP) ხორციელდება.

„აღნიშნული პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება, რათა მოსახლეობამ წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. ამჟამად არსებული სისტემები ამორტიზებული და არაეფექტურია, არ ასახავს მზარდი მოსახლეობისა და ტურისტების მოთხოვნილებებს. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 27 000 მომხმარებელი მაღალი ხარისხის, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო მარნეულსა და ბოლნისში 29 000-ზე მეტ მომხმარებელს წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება“, – აცხადებენ მარნეულის მერიაში.

როგორც მერიასი აცხადებენ, პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიია განახორციელებს.

აღნიშნული პროექტი, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.