კაცხის სვეტთან კელიების მშენებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

574

კაცხის სვეტთან კელიების და მომსახურების ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის და ეზოს კეთილმოწყობა.
ასევე გათვალისწინებულია სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და შესაბამისი ქსელის გამართვა, რაც როგორც ბერების, ისე  ე. წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

უწყების ცნობით უკვე წლის ბოლოდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

კაცხის სვეტი უძველესი და უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსების ვარაუდით, სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. მისი სიმაღლე 40 მეტრია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კაცხის სვეტით, ბევრი უცხოელი მკვლევარი, მოგზაური და გამოცემა დაინტერესდა.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კაცხის მონასტერთან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაო და

კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობის ერთი ეტაპი უკვე დასრულდა. პირველი ეტაპის ფარგლებში გამაგრდა მონასტრის გუმბათი, რესტავრირდა სარკმლები და გალავანი.  კეთილმოეწყო ტერიტორია, ავტოსადგომი, სველი წერტილები. რეაბილიტირდა კერძო პირების ღობეები და ჭიშკრები, სასაფლაოს გალავანი, მონასტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყო გარე განათების სისტემა.