წელს ახალციხეში სარწყავი სისტემა 11 სოფელში გაკეთდება, თუმცა, მათ შორის ხუთი პროექტი რწყვის სეზონისთვის ვერ დასრულდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს ვალესა და სხვილისში არსებულ სატუმბ სადგურებს რეაბილიტაციას ჩაუტარებს, წყალთბილაში არსებულ სადგურს კი აღადგენს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ვალესა და წყალთბილის სატუმბი სადგურების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 096, სხვილისის სადგურისთვის კი 17 406 ლარია გაწერილი.
გარდა წყალთბილისა, მიმდინარე წელს სარწყავი სისტემები ამოქმედდება ფერსაში, მუგარეთში, გიორგიწმინდაში, კლდესა და წნისში. ამ ხუთ სოფელში ირიგაციას შპს “საქართველოს მელიორაცია” აკეთებს.
მიმდინარე წელს იაპონიის საელჩოსთან ერთად ახალციხის მერია თვითდინებადი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას კიდევ ექვს სოფელში ახორციელებს. 247 298 ლარში საირიგაციო სისტემა გაკეთდება მინაძეში, ჭაჭარაქში, ახალშენში, წყორძაში, ანდრიაწმინდასა და ღრელში.
ამ დროისთვის ახალციხეში თვითმმართველობის ბალანსზე 12 სატუმბი სადგურია. ესენია წყალთბილა, ნაოხრები, სხვილისი, ფარეხა, ივლიტა, საყუნეთი, აწყური, წყორძა, ჭაჭარაქი, წნისი. ასევე ორი სატუმბი სადგურია ვალეში.