აქცია “ღამე მუზეუმშის” დროს ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში შუქი არ იყო

652

წინა სტატია

ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში ელგაყვანილობა დაზიანდა. ამის გამო, 19 მაისს უნივერსიტეტის დამაარსებლის მშობლიურ სახლში აქცია ,,ღამე მუზეუმში” ხარვეზებით ჩატარდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ღამით მისულ დამთვალიერებლებს ოთახები ჩაბნელებული დახვდა. მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ ელგაყვანილობა, სწორედ, აქციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მომზადების დროს დაზიანდა.

,,ჩვენ ღონისძიებები ძირითადად 4 საათზე ჩავატარეთ. კასპიდან ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა. ცოტა ადრე რომ მოსულიყავით, არაჩვეულებრივ კონცერტს დაესწრებოდით,” – აღნიშნავს მუზეუმის დირექტორი მარინა კოშაძე.

რაც შეეხება აქციას ,,ღამე მუზეუმში”, რომელიც თავისი შინაარსით ღამის 1-ელ საათამდე სამუზეუმო საქმიანობას უკავშირდებოდა, მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ პრობლემა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სათანადოდ ვერ ჩატარდა.

საღამოს 9 საათზე მუზეუმში მისულ სტუმრებს სასახლის უკანა მხარეს მოწყობილი კუთხეები დახვდა, სადაც გამოფენილი იყო ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოები, ასევე, ის ნივთები, რომლებიც მუზეუმისთვის მოსახლეობიდან შეაგროვეს. მათ შორის, ძველი სარკე. სარკე კომუნისტების პერიოდში ერთ-ერთ ოჯახში მოხვდა.  19 მაისს კი ოჯახმა სარკე მუზეუმს დაუბრუნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, ქართველი მეცნიერის სახლს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.