ახალციხეში 25–მდე სოფელში მიწები არ ირწყვება

610

რწყვის სეზონი ახლოვდება, თუმცა, ახალციხეში 45 სოფლიდან 25–ში ნაკვეთებს ვერც წელს მორწყავენ. ახალი საირიგაციო სისტემა ზაფხულამდე ვერცერთ სოფელში ვერ მოეწყო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 14 სატუმბი სადგურია, აქედან 12 მერიის ბალანსზეა, ხოლო ორი საქართველოს მელიორაციის. როგორც ახალციხის მელიორაციის სამსახურში ამბობენ, აღნიშნული სატუმბი სადგურები ახალციხის 45–დან 20–მდე სოფელს ემსახურება. დანარჩენი 25 სოფელი კი სარწყავი სისტემის გარეშეა დარჩენილი.

მიმდინარე წელს ახალციხის მელიორაციის ბიუჯეტი 180 000 ლარია, ეს თანხა მერიის ბალანსზე არსებული სატუმბი სადგურების რეაბილიტაციისათვისაა განკუთვნილი.

„მელიორაციის სამსახურმა ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო მუინიციპალიტეტში ყველა სადგურის შემოწმება და დაზიანებულების შეკეთება. ბიუჯეტის თანხებიც ამას ხმარდება. წელს მხოლოდ ერთი, წყალთბილის სატუმბი სადგური უნდა აღვადგინოთ, რომელსაც სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება, დანარჩენს უმნიშვნელო დაზიანებები აქვს“,– ამბობს ახალციხის მელიორაციის უფროსი ჯემალ გიორგაძე და ამატებს, რომ წყალთბილის სატუმბის აღსადგენად ჯერ ტენდერიც არ გამოუცხადებიათ.