როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და სამუშაოები ერთდროულად ოთხი მისამართზე შესრულდება.
“„Tahal Group BV”ის წარმომადგენლების თქმით, 1 ივნისიდან დაიწყება საველე სამუშაოები, პრიორიტეტად კი შერჩეულია წინა კონტრაქტორის მიერ უკვე გადათხრილი ქუჩები. სამუშაოები მალთაყვისა და ნაბადის უბნებში, ერთდროულად რამდენიმე მისამართზე დაიწყება. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველივე ეტაპზე განხორციელდება”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოყო ტერიტორიები ნარჩენების გადასატანად.
წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარია.
ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ქალაქში, დამატებით, გამწმენდი ნაგებობი აიგება.
მშენებლობას ერთობლივი საწარმო “Ludwig Pfeiffer Hoch – und Tiefbau GmbH & Co. KG“ და „EMIT Group – Ercole Marelli Impianti Tecnologici S.r.l.”განახორციელებს. მისი ღირებულება 44 684 016 ლარია. აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ იქნება დაფინანსებული.