გორის მუნიციპალიტეტში უბნის რჩეულებს აირჩევენ

585

გორის მუნიციპალიტეტში უბნის რჩეულებს აირჩევენ. ამის შესახებ დადგენილების პროექტი, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგობის მიუხედავად, გორის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, რჩეულს საერთო კრებაზე ადგილობრივები აირჩევენ. მისი უფლებამოსილების ვადა კი მომდევნო კრებამდე გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანდიდატის დაყენება არ მოხდება, ვადები გახანგრძლივდება.

ამ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. ირმა ამბარდნიშვილი მიიჩნევს, რომ რჩეულების საარჩევნო ოლქებში არჩევა მმართვველი გუნდის მხრიდან აგიტაციის მიზნით ხდება.

ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ ,,ქართულ ოცნებაში“. მიხეილ გოგინაშვილისა და მარლენ ნადირაძის აზრით, ნაციონალურ მოძარაობას დოკუმენტი არ წაუკითხავს და საკითხს პოპულისტურად უდგებიან.

აღსანიშნავია, რომ საერთო კრების მეშვეობით რჩეულების არჩევა “თვითმმართველობის კოდექსით” გათვალისწინებული ერთ-ერთი ნორმაა, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა უნდა უზრუნველჰყოს.