ახალციხეში, საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა ისე დასრულდა, რომ ცენტრალურ მილზე ადგილობრივების საკანალიზაცო სისტემა არ დაუერთებიათ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
საბარგო სადგურზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებელმა კომპანიამ დასახლებაში მხოლოდ ცენტრალური მილები გაიყვანა: „ასე დატოვეს და წავიდნენ, ვერ გეტყვით რა იქნება. ჯერ გვითხრეს ეზოებამდე მოგიყვანთ და მერე სახლებში თქვენ შეიყვანეთო, ახლა ამბობენ 200–300 ლარი უნდა გადაიხადოს თითო ოჯახმა, რომ დაერთების ნებართვა მიიღოთო. ყველას ხომ არ აქვს ამხელა თანხის გადახდის საშულება?! გამოდის რომ ისევ საკანალიზაციო ქსელის გარეშე ვრჩებით“ – ამბობენ ადგილობრივები.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი ამბობენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვი–აი–პის“ მხოლოდ ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის გაყვანა ევალებოდა. მოსახლეობის სისტემის ცენტრალურ ქსელზე დაერთებისთვის კი ახალი ტენდერი უნდა გამოაცხადონ. როდის გამოცხადდება ტენდერი, უცნობია. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ორი თვის სამუშაოებია დარჩენილი და წლის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბარგო სადგურზე საკანალიზაციო სისტემას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვი–აი–პი“ აკეთებდა. კომპანიამ სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და აპრილში დაასრულა. სამუშაოებისთვის 894 849 ლარი დაიხარჯა. ამ თანხით მოეწყო 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი. საკანალიზაციო სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ დასახლებაში ასფალტის დაგება დაიწყება. პროექტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 474 746 ლარია გათვალისწინებული.