ბათუმის ბულვარში სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა, შესაძლოა, 5 წლის შემდეგ დასრულდეს, ბიუჯეტიდან კი, დამატებით, 85 ათასი ლარი დაიხარჯოს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა ბათუმის სანაპიროზე 2013 წელს დაიწყო. ”ბათუმის ბულვარის” ადმინისტრაციამ, არდაგანის ტბასთან, მოედნის მოსაწყობად 283 ათასი ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. კომპანიას მშენებლობა 2013 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა.
ტენდერი კომპანია “გუმბათი-7”-მა მოიგო, რომელმაც სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ 283 ათასი ლარიდან 254 ათასი ლარი გახარჯა, თუმცა მშენებლობა ვერ დაასრულა. ვადების დარღვევის გამო, ბულვარის ადმინისტრაციამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და სანქციებიც დააკისრა.
კომპანია ერთი წლის განმავლობაში შავ სიაში აღმოჩნდა და, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, ჯარიმებიც გადაიხადა.
თუმცა, ბათუმის ბულვარში, ტურისტულ ადგილზე, 5 წლის შემდეგაც სკეიტბორდის მოედანი დაუსრულებელია. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ წელს მოედნის აღდგენა და დასრულება იგეგემება, პროექტი უკვე მზად არის. პროექტი ლითონის მოაჯირების მონტაჟს, უსაფრთხოების ზომების დაცვასა და წლების განმავლობაში, მიტოვებული მშენებლობის სარესტავრაციო სამუშაოებს გულისხმობს.
ამისთვის ბიუჯეტიდან, დამატებით, დამატებით 85 ათასი 867 ლარი დაიხარჯება.