ახალციხეში, სოფელ აწყურში, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით, 60 წლის წინ გაშენებულ ხელოვნურ ტყეში ფიჭვის ხეები ხმება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სოფელ აწყურთან ახლოს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის ფერდობზე გაყვითლებული ფიჭვის ხეები პირველად გასულ წელს შენიშნეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მოსახლეობის თქმით, წელს გამხმარი ხეების რაოდენობა გაიზარდა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ აწყურის ტყეში ხეების ხმობის შესახებ „სამხრეთის კარიბჭედან“ შეიტყო: „რამდენიმე დღეში სპეციალისტების ჯგუფს გამოვგზავნით და შეისწავლიან ვითარებას. მანამდე ხეების ხმობის მიზეზებზე საუბარი გაგვიჭირდება“ – უპასუხეს გამოცემას.