ახალციხის საკრებულოში შექმნილი “საზოგადოებრივი დარბაზი”, რის გამოც მუნიციპალიტეტი ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, ერთ–ერთ წარმატებულ მუნიციპალიტეტად დაასახელეს, გაუქმებულია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ექვს მაისს ახალციხეში გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, მოხსენება იმ მუნიციპალიტეტების მერებმა გააკეთეს, რომლებსაც სამაგალითო მიღწევები ქონდათ.
ერთ–ერთ წარმატებულ მაგალითად თვითმმართველობის მუშაობაში მოსახლეობის აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი „საზოგადოებრივი დარბაზი“ დაასახელეს, თუმცა ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ დარბაზის წევრები აღარ შეკრებილან.
„საზოგადოებრივი დარბაზის შექმნა ჩემი ინიციატვა იყო. ვმუშაობდით და სამომავლო გეგმებიც გვქონდა. ეს ერთ–ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემი საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში. ჩვენ ყველა საკითხს ვათანხმებდით დარბაზის წევრებთან და ერთობლივად ვწყვეტდით რა უფრო მნიშვნელოვანი იყო და რა უნდა განგვეხილა საკრებულოზე. ახლა რა ხდება ვერ გეტყვით, ჩემი წამოსვლის შემდეგ ამ ხალხთან არავის უმუშავია“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით ლომიძე.
„საზოგადოებრივი დარბაზი“, რომელიც საზოგადოების 55 აქტიური წევრს აერთიანებდა, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის თებერვალში შეიქმნა და ცხრა თვეში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაუმქდა.