სოფელ მუცოს რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი დასრულდა. ვიდეო

1491

სოფელ მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი, რომელიც რეაბილიტაციას გულისხმობს, გრძელდება. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში, აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი.

პროექტის მიმდინარეობისას, ასევე აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.

კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა.

რეაბილიტაციის პროექტი 2014 წელს, კულტურის სამინისტროსა და ფონდი “ქართუს” მხარდაჭერის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო.

2018 წლისთვის იგეგმება სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა.

მუცო უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს. ეს არის მიუვალი სიმაგრე და უანალოგო კომპლექსი, რომელიც განვითარებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფელი მუცო მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე.