კარგი ამბები ხდება აჭარის მაღალმთიანეთში – ქედას და ხულოს ოთხ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა სათემო შეხვედრებს მართავს, პრობლემების იდენტიფიცირებას ახდენს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მისი გადაჭრის გზებს სახავს და მზად არის, თავად ჩაერთოს სოფლისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტაში.
მას შემდეგ, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა, დასახლებებს მცირე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხები, ფაქტობრივად, არ აქვთ. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები მწირია, რის გამოც სასოფლო გზების, წყალმომარაგებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლებში წლიდან წლამდე ვერ ხერხდება.
განსაკუთრებით მძიმე მცირეკომლიანი სოფლების მდგომარეობაა – ამ სოფლებს, სწორედ მცირემოსახლიანობის გამო, ადგილობრივი ხელისუფლებები ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი პრიორიტეტი მუდმივად უფრო დიდი და მრავალრიცხოვანი დასახლებებია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმებით მოსახლეობას საკუთარი საჭიროებების მოგვარების პროცესში ჩართვაც, ფაქტობრივად, შეეზღუდა. ეს იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს სოფლის კრებების ჩატარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა. მთავრობამ კი ეს პროგრამა ისე გააუქმა, რომ მისი ალტერნტივა არ შეუქმნია.
სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში სათემო შეხვედრების ჩატარება და მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ზრუნვა, დონორთა დახმარებითა და მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითავეს. აჭარაშიც ერთ-ერთი ასეთი პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის“ – ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ მოსახლეობის შეკრებებს აორგანიზებს და კონკრეტულ სოფლებში არსებული პრობლემების მოსახლეობასთან ერთად გადაწყვეტის გზებზე მუშაობს.
ბოლო ორ დღეში შეკრებები ოთხ სოფელში – დოხოძეებში, კანტაურში, იაკობაძეებსა და ჯვარიქეთში ჩატარდა. ქედას და ხულოს ამ სოფლებში ის პროექტები განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა თავად შეარჩევს. პროექტის რეგიონული კოორდინატორის, ასლან ჭანიძის ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებთა მიერ პრიორიტეტულად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად, არასამთავრობო ორგანიზაცია 3 ათას ლარამდე გამოყოფს. იმ შემთხვევაში კი, თუ პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, ადგილობრივი ხელისუფლებები მზად არიან, თანადაფინანსებით, ტექნიკით, ან მასალების შეძენით ჩაერთონ. პროექტის ერთ-ერთი მთავარი პირობაც სწორედ ეს არის – მის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტი თანამონაწილეობის ნებისმიერი ფორმით უნდა ჩაერთოს.
ქედას მუნიციპალიტეტში შერჩეულ ორ სოფელში – დოხოძეებსა და კანტაურში, სადაც სოფლის კრებას მერის მოადგილეც ესწრებოდა, მთავარ პრობლემად სასმელი წყლის, გზისა და გარეგანათების საკითხი დააყენეს. როგორც გაირკვა, წყალი აქ სამჯერ გაკეთდა, მაგრამ სამჯერვე უხარისხოდ. „ამიტომაც, თუ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება, კარგი იქნება“, – ამბობენ სოფელში.
დოხოძეებში გზის ნაწილი აჭარის საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის. ამიტომაც გზის ეს მონაკვეთი მოწესრიგებულია. თავად სოფლის შიდა გზა კი, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა, უმძიმეს მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს – აქ გადაადგილება ფეხით მოსიარულეებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტისთვის თუ სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ერთნაირი პრობლემაა. სოფელს, გზასთან ერთად, სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემაც აქვს.
კრების შემდეგ ორივე სოფელში ხუთწევრიანი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ისინი მზად არიან, პროექტების განსახორციელებლად აქტიურად იმუშაონ. ახლა უკვე ჯერი ადგილობრივ ხელისუფლებაზეა, რომელმაც პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა მოამზადოს, შემდეგ კი სოფლის მცხოვრებლები მზად არიან, სამუშაოებში თავად უსასყიდლოდ ჩაერთონ.
ხულოს სოფლებში – იაკობაძეებსა და ჯვარიქეთში, მოსახლეობამ შიდასასოფლო გზის, გარეგანათებისა და სოფლის სახლის საკითხი დააყენა. აქაც, ორივე სოფელში, საინიციატივო ჯგუფები უკვე შეიქმნა და ახლა ადგილობრივი ხელისუფლებისგან პროექტის მომზადებას ელოდებიან. ისინიც, დოხოძეელებისა და კანტაურელების მსგავსად, მზად არიან, სამუშაოები თავად შეასრულონ. მთავარია, პრობლემა მოგვარდეს.
მათი მოლოდინი და იმედები, რომ პრობლემების მოგვარებას შეძლებენ, მაღალია, ვინაიდან მეზობელ სოფლებში – ცივაძეებში, ჭვანაში, ჭინკაძეებსა და რამდენიმე სხვა სოფელში მოსახლეობის აქტიურობით მოგვარებული პრობლემების საუკეთესო მაგალითი აქვთ. ამ დასახლებებში ამავე პროექტით გზისა და წყლის პრობლემა ადგილობრივებმა გასულ წელს მოაგვარეს, წელს კი ახალ გამოწვევებთან შესაჭიდებლად ემზადებიან.
აჭარის გარდა, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ ამ პროექტს, „Bread for the World“-ის ფინანსური დახმარებით, კიდევ სამ რეგიონში – სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ახორციელებს. ჯამში, 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში მოსახლეობას პრობლემები მოუგვარდება, თუმცა, მთავარი მიზანი, რასაც პროექტი ემსახურება, მოსახლეობისა და ხელისუფლების თანამშრომლობით, ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.
სტატიაში გამოყენებულია “ბათუმელების” ფოტოები